თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თბილისის ცენტრში, „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების გეგმის ცვლილების დამტკიცების პროცესი საკრებულოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ახალი კონფლიქტის თანხლებით მიმდინარეობს.
აუზის გვერდით ტერიტორიაზე, სადაც საბჭოთა პერიოდში აბრეშუმის ფაბრიკა ფუნქციონირებდა, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება. ამ ადგილზე ორი ცათამბჯენის დადგმას ოპოზიცია და ეკოაქტივისტები აპროტესტებენ.
„მოვითხოვთ, რომ თავად ბატონი მერი – კახი კალაძე მობრძანდეს და გასცეს თბილისელებს პასუხი – ეს არის თბილისელებისთვის სასარგებლო პროექტები... თუ ეს არის ის პროექტები, რომელიც თბილისს კიდევ უფრო მეტად დაამახინჯებს?!" – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძემ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში", რომელსაც ხმების უმრავლესობა აქვს საკრებულოში გადაწყვეტილების მისაღებად, სხდომაზე თბილისის მერის დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავენ.
„აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს დედაქალაქის მერი განაშენიანების რეგულირების კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით? ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია. მაგალითად, როდესაც „ლაგუნა ვერეს" პროექტზეა საუბარი, არავინ საუბრობს იმას, რომ დღეს იქ არსებობს შენობები, ისტორიულად არსებობდა იქ ფაბრიკა, უამრავი ბენზინგასამართი სადგურია, მაგალითად, იმ ტერიტორიაზე", – განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა რევაზ სოხაძემ.
მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების“ გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე.
თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა.
„დღეს თუ რაიმე სატრანსპორტო კოლაფსს ქმნის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, არის სწორედ ეს ქაოსური განაშენიანება. დღევანდელი პროექტით ჩვენ ვიღებთ აბსოლუტურად მოწესრიგებულ გარემოს", – განაცხადა სოხაძემ.
ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება.
„ვიღაცას მოსწონს თუ არა კონკრეტული იერსახე, სართულიანობა, ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ და შეთანხმებას ვერასდროს მივაღწევთ. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ამ ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ობიექტი", – განაცხადა სოხაძემ.
ისტორიულად სწორედ გმირთა მოედანზე აშენდა პირველი მრავალსართულიანი შენობა თბილისში.
ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.
რა ელოდება „ლაგუნა ვერეს"
თბილისის ყველაზე დიდი აუზი „ლაგუნა ვერე", რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღდგენილი იქნება. ამ სამუშაოებს კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი" შეასრულებს. „ნეო სითი დეველოპმენტმა" 2014 წელს დაკეტილი აუზის ტერიტორია ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა.
„ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.