მსოფლიო დღეს

ჩინეთი გმობს იაპონიის გადაწყვეტილებას „ფუკუშიმა-1“-ის წყალთან დაკავშირებით

Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი გმობს იაპონიის გადაწყვეტილებას წყნარ ოკეანეში იმ წყლის ჩაღვრაზე, რომელიც ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა-1“-ის რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენებოდა, აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჩინეთმა გამოხატა თავისი მტკიცე უარი და მკაცრად დაგმო ეს ქმედება, რაც სერიოზულ შეტყობინებას აძლევს იაპონიას და მოითხოვს ამ არასწორი აქტის შეწყვეტას", — ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პეკინში აღნიშნავენ, რომ ტოკიომ წყლის ოკეანეში ჩაღვრა „საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ეჭვების და წინააღმდეგობების მიუხედავად“ დაიწყო.
ჩინეთი მიიჩნევს, რომ „რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის უტილიზაცია <...> წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ტრანსსასაზღვრო შედეგები აქვს".
მსოფლიო დღეს
იაპონიამ „ფუკუშიმა-1“-ის წყლის ოკეანეში ჩაღვრა დაიწყო: ვიდეო
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, იაპონიამ არ დაასაბუთა წყლის ჩაღვრის გადაწყვეტილების კანონიერება, წყლის გამწმენდი მოწყობილობის საიმედოობა, წყლის დაბინძურების შესახებ მონაცემების სიზუსტე, საზღვაო გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ეს კი „უკიდურესად ეგოისტური და უპასუხისმგებლო ქმედებაა", რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს უგულებელყოფს.
„ჩინეთის მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს ჩინელი ხალხის სასურსათო უსაფრთხოება და ჯანმრთელობა", — ნათქვამია განცხადებაში.
2011 წლის მარტში მომხდარმა ცუნამიმ იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე სერიოზული ავარია გამოიწვია. 2021 წლის აპრილში იაპონიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტროსადგურის რადიოაქტიურ წყალს სპეციალური დამუშავების შემდეგ ოკეანეში ეტაპობრივად ჩაღვრიდნენ. ტოკიოს გადაწყვეტილებამ მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი თევზჭერის ინდუსტრიის წარმომადგენლებში, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი შიშობდნენ, რომ მომხმარებლები ამ ზონაში მოპოვებულ ზღვის პროდუქტებზე უარს იტყოდნენ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით გაურკვეველია, ამიტომაც წყლის ჩაღვრა უნდა გადაიდოს.
მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ სადგურის გაწმენდილი წყალი უსაფრთხოა ოკეანისთვის.
ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა-1“-დან გაფილტრული რადიოაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრა იაპონელმა სპეციალისტებმა დღეს დაიწყეს.