თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში, სადაც რეანიმაციული განყოფილებებია, ახალ სტანდარტებს ნერგავს, რაც ამ განყოფილებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ე.წ. რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები. ცვლილებების მთავარი მიზანია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
„2023 წლის ბოლომდე ბევრი ახალი სტანდარტი და რეგულაცია შემოგვაქვს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის სისტემაში პაციენტზე ზრუნვისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისკენ. ეს სტანდარტები... შესაძლებლობას მოგვცემს, პაციენტი იმართოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით", – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს შემოიღო ახალი სისტემა, რომელმაც კლინიკებში სამედიცინო მომსახურების სამართლიანი ფასები დაადგინა. შემდეგი ეტაპია მკაცრი წესები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პაციენტების მომსახურების ხარისხს.
ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა რეანიმაციული განყოფილებების მუშაობის სტანდარტი.
ახლა სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით.
„ეს სტანდარტები ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგებს რეანიმაციულ და ქირურგიულ მომსახურებას", – აღნიშნა აზარაშვილმა.
კლინიკებმა სტანდარტებთან დაკავშირებით განაცხადები 1 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ რეგულირების სააგენტო შეამოწმებს მათ და დაადასტურებს შესაბამისობას რეანიმაციისა და ქირურგიის იმ სტანდარტებთან, რომლებიც ძალაში შედის.
ნებართვის გარეშე კლინიკას რეანიმაციული მომსახურების უფლება არ ექნება.