საქართველოს მოქალაქეები საკუთარი საპენსიო აქტივების ინვესტირებას შეძლებენ

ვინც თავად ვერ აირჩევს სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდება სხვადასხვა პორტფელებზე მათი ასაკის შესაბამისად.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო დანაზოგის ინვესტირება 6 სექტემბრამდე შეუძლიათ.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები 6 აგვისტოდან ამოქმედდა და ახლა 6 სექტემბრამდე სისტემის მონაწილეებმა უნდა აირჩიონ – სად განახორციელონ დანაზოგის ინვესტირება.
მათ სთავაზობენ დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის მქონე პორტფელებს.
ვინც თავად ვერ აირჩევს სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდება სხვადასხვა პორტფელებზე მათი ასაკის შესაბამისად.
სად შევიტანო? ანუ მომავალი პენსიონრის კიდევ ერთი საფიქრალი >>
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს აქტივების განაწილებაში, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებულ შემოსავალს უკავშირდება.
ამავდროულად, არცერთი პორტფელი არ ითვალისწინებს დანაზოგის დაკარგვას და განსხვავდება მხოლოდ საპენსიო აქტივების ზრდის ტემპით. ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულ მონაწილეებს უფლება აქვთ წელიწადში ერთხელ შეცვალონ საინვესტიციო კატეგორიები.
ამ დრომდე საპენსიო დანაზოგები განთავსებული იყო საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.
საპენსიო სააგენტო: ინვესტიციებისგან მიღებულმა მოგებამ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა >>
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ივნისის მდგომარეობით, 3,63 მილიარდი დოლარია.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეთა რაოდენობა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 4,1 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი თითქმის 11,7 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები >>
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.