სურს, მაგრამ არ შეუძლია - დეპუტატი სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

დეპუტატის თქმით, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს კანონმდებლობას.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ მას არ შეუძლია საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, განაცხადა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 22 აგვისტოდან ექს-პრეზიდენტი მისი დახმარებით რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.

„ქართული კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. თვითონ არ იციან, რა იქნება მათი ქმედებები მომავალში და ამას წინასწარ ვერ შევაფასებ. რაც არ უნდა იყოს, თუ ეს გულისხმობს სააკაშვილის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება არამართლზომიერი აქტი", – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს კანონმდებლობას, მის წესებსა და წესრიგს.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ დარჩა.
„ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი უბრალოდ აღარ დარჩა. ეს შეიძლება მისი სურვილია და ამის მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მართლზომიერი", – განაცხადა სარჯველაძემ.
უფრო ადრე იმის თაობაზე, რომ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება არ შეუძლია, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ხელისუფლებისთვის ბრძოლა პალატიდან გამოუსვლელად - სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს>>
სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს დაკარგა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2019 წელს, პრეზიდენტად არჩევიდან მალევე დაუბრუნა.
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ორ საქმეზე. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
„წმინდა წყლის მდარე ფეიკ-პიარია“ - „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის გეგმები შეაფასეს>>
ამასთან, „ნაცმოძრაობაში" არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება. ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".