თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა.
გარდა ამისა, ქვეყანაში შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.
ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, კანონში შესული ცვლილებები პირადად გააცნეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რათა პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე.