თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა იპოვეს ადამიანის სხეულის ოთხი ფრაგმენტი, საუბარია კიდურის ნაწილებზე, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
შოვში მეწყერის ჩამოწოლის ზონაში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი შეეწირა, 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები გრძელდება.
„მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთზე, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა - არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.
ამასთან, თემურ მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ გაწეული სამუშაოსთვის მოხალისეების განაწილების საკითხში, რომლებიც ლოგისტიკის კუთხით ეხმარებიან მაშველებსა და სამხედროებს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.