თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დასაქმების, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და ისრაელის პარლამენტების დელეგაციებმა შეხვედრაზე, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.
საქართველოს პარლამენტის წევრები, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, დეპუტატ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ისრაელში ოფიციალური ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ჯგუფის წევრები ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდნენ.
მეგობრობის ჯგუფმა შეხვედრებზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. ისრაელის მხარემ მხარი დაუჭირა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის წინადადებას ერთობლივი ბიზნეს ფორუმის და ქნესეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების კომიტეტში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების საკითხზე სპეციალური მოსმენების ჩატარების შესახებ.
ქნესეტის სპიკერმა დაუდასტურა ქართულ მხარეს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მოინახულებს.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ქალაქი აშდოდი, რომელიც ბათუმის დაძმობილებული ქალაქია, და ქალაქის მერს, იეჰილ ლასრის შეხვდნენ.
ქართულმა მხარემ მასპინძელ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ანაკლიის პორტის ახალი პროექტის შესახებ. გამოითქვა გურჯაანის და სიღნაღის დაძმობილების ინიციატივა ისრაელის ქალაქებთან.
საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილოსმა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები მუდმივად აწარმოებენ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების ადა ტურიზმის სფეროში.