თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქართული ხაშლამა კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas-ის საუკეთესო კერძების ჩამონათვალში მოხვდა, როგორც ცხვრის ხორცისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.
TasteAtlas-მა 50 საუკეთესო კერძის სია გამოაქვეყნა, სადაც ხაშლამა მეოთხე პოზიციას იკავებს.
„ქართული ხაშლამა მარტივი და ტრადიციული ხორცის კერძია კავკასიის რეგიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი დიდ დროს მოითხოვს, მას ამზადებენ წყალში უბრალოდ მოხარშვით – ჩვეულებრივ, საქონლის, ხბოს ან ცხვრის ხორცის დიდ ნაჭრებს ხარშავენ“, – ნათქვამია TasteAtlas-ის სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ხაშლამა ხორცის საუკეთესო ნაჭრებისგან მზადდება. მიჩნეულია, რომ მისი სამშობლოა კახეთი. ადგილობრივებისთვის ხაშლამა საფირმო კერძია, თუმცა ის ასევე პოპულარულია მეზობელ სომხეთში და ეს იწვევს კამათს, თუ რომელია ხაშლამის ჭეშმარიტი სამშობლო, აღნიშნულია სტატიაში.
ტრადიციულად, ქართული ხაშლამა ღია ცეცხლზე მზადდება, ნელა, სანამ ხორცი იდეალურად რბილი არ გახდება. ჩვეულებრივ, მას კმაზავენ ხახვით, ნივრით, დაფნის ფოთლითა და პილპილის მარცვლებით.
„რამდენადაც ეს საკმაოდ შრომატევადი კერძია, მას, ჩვეულებრივ, განსაკუთრებულ შემთხვევებში ამზადებენ. ის ტრადიციული ქართული სუფრის ძირითადი კერძია. მოხარშული ხორცის ნაჭრები სუფრაზე ცხელი მიაქვთ, აყრიან მსხვილ მარილს და დაჭრილ ოხრახუშს“, – ნათქვამია სტატიაში.
საუკეთესო სამეულში მოხვდა თურქული ისკენდერ-ქაბაბი, ჩაგ-ქაბაბი და ირანული თორშ-ქაბაბი.
TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანებისა და გასტრონომების შეფასების მიხედვით დგება. TasteAtlas-ის პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.