თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ინიციატივა შოვის ტრაგედიის შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოწმობს ოპოზიციის მოუმწიფებლობას და მის სურვილს, პოლიტიკური კაპიტალი დააგროვოს.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის მოუმწიფებლობას. ვხედავთ, რომ როგორც კი ნახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ეს იდეა. არასერიოზულია", – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ყველა ინფორმაცია ტრაგედიის შესახებ ხელმისაწვდომია და კითხვების არსებობის შემთხვევაში პარლამენტის დეპუტატებს შეუძლიათ გაეცნონ მათ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.