სარჯველაძე: ოპოზიცია შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოყენებას მერკანტილური მიზნებით ცდილობს

ოპოზიციის წარმომადგენლებს რეალური არგუმენტები არ გააჩნიათ და ისინი პოლიტიკური ქულებისთვის თავად იგონებენ ამბებს, განაცხადა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს გამოიყენოს კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური და მერკანტილური მიზნებისთვის, რაც ამორალური და მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
ხელისუფლების განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ტრაგედიის შემდეგ მაშინვე დაიწყეს ხმამაღალი განცხადებების კეთება და მომხდარში ხელისუფლების დადანაშაულება. ცეცხლზე ნავთს ასხამდა ოპოზიციური მედია, რომელიც ხშირად გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

„ჩასაფრებული ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ ეს დიდი ტრაგედია თავისი პოლიტიკური, მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც არათუ ამორალურია, არამედ ასეთი რამ დაუშვებელი უნდა იყოს. ამ ტრაგედიის შეფასება ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე უნდა მოხდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რასაკვირველია, შეიძლება ვინმემ კითხვა დასვას, შეეძლო თუ არა ვერტმფრენს კონკრეტული წვლილი შეეტანა საძიებო სამუშაოების წარმატებაში, მაგრამ ამაზე პასუხი უკვე გაცემულია, აღნიშნა დეპუტატმა.
შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკოსები, მედია და არასამთავრობოები სიცრუეში დაადანაშაულა >>
ამაზე პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ფიზიკური ვითარება არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ღამით ევაკუაცია მომხდარიყო, ვერტმფრენის მუშაობა კი იყო სარისკო ელექტროგადამცემი ხაზების გამო.
„დილამდე არმოცდის გამო ახალი ტრაგედია რომ დატრიალებულიყო, ამაზე პასუხისმგებელი ვინ იქნებოდა? ვერტმფრენის დილიდან სამუშაოების დაწყების გამო არავინ დაზარალებულა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
დეპუტატმა ასევე გაიხსენა, რომ იყო მთელი რიგი ბრალდებებისა, რომლებიც მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, თბილისის მერ კახა კალაძეს უკავშირდებოდა.
კალაძის შვილებმა კურორტი შოვი დამანგრეველ სტიქიამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დატოვეს >>
ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა კალაძე დაადანაშაულა იმაში, რომ მან შოვიდან ოჯახის წევრები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ვერტმფრენის გამოყენებით გამოიყვანა და რომ მან წინასწარ იცოდა არსებული საფრთხის შესახებ, მაგრამ ამის თაობაზე არავინ გააფრთხილა.
შოვში მომხდარი ტრაგედიიდან მეხუთე დღეს თბილისის მერის ნებართვით ტელეკომპანია „იმედმა“ საპასუხოდ გაავრცელა სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ შოვს კალაძის შვილები ავტომობილებით ტრაგიკულ მოვლენებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.
„ეს ყველაფერი არის სისაძაგლე მათი მხრიდან, ვინც კარგად ხვდება, რომ რეალურად კრიტიკული არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამბებს თხზავენ და ისეთ არგუმენტებს იგონებენ, რითაც შეუძლიათ ხელისუფლების წინააღმდეგ ქულები დაიწერონ. ეს არის პოლიტიკური მტაცებლობა და მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.