ვითარება შოვში - მაშველები 10 ლოკაციაზე მუშაობენ

მეექვსე დღეა შოვში, ტრაგედიის ადგილზე აგრძელებს მუშაობას ასი ერთეული სპეცტექნიკა, საძიებო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 1000 ადამიანი - მაშველები, სამხედოები, მოხალისეები.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. შოვში საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 10 ლოკაციაზე, აქედან რვაზე სპეცტექნიკა მუშაობს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით - 14-ს), მათ შორის ბავშვებს.
„ამჟამად არის 8 პრიორიტეტული მდებარეობა, სადაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და, ბუნებრივია, იმ მდებარეობების კვალდაკვალ, სადაც მხოლოდ ცოცხალი ძალით არის შესაძლებელი შეღწევა, ვცდილობთ, რომ ტექნიკისთვის მისასვლელი მოეწყოს, რათა შემდგომ უკვე ტექნიკა ჩაერთოს იმ კვლევა-ძიების სამუშაოებში, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ ცოცხალი ძალის მეშვეობით ხდება“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მაშველებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს უშუალოდ ეპიცენტრს, თუმცა უკვე ახლოს არიან მასთან.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მოხერხდა მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება.
„ეს საბოტაჟია“ - პაპუაშვილმა გეოლოგები, არასამთავრობოები და მასმედია ტყუილში დაადანაშაულა >>
„მოხერხდა მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება, რის შემდეგაც „მჟავე წყლების“ არეალში ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო. იგივე მოხდა ხიდის მოწყობის შემდგომ. დაემატა მდებარეობები უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრთან, ადგილზე თავმოყრილი მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. რა თქმა უნდა, სამუშაოები ძალიან ფრთხილად და მაშველების ზედამხედველობით მიმდინარეობს“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მეექვსე დღეა შოვში, ტრაგედიის ადგილზე აგრძელებს მუშაობას ასი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 86 ერთეული ასრულებს საძიებო სამუშაოებს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 1000 ადამიანი - მაშველები, სამხედოები, მოხალისეები.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
ტრაგედია შოვში – საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა>>>
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.