გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი

შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სტიქიის პირველივე წუთებიდან საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.
მღებრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

„პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები", – განაცხადა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მოწყობილია დამატებითი გზები, რათა მაშველებმა და ტექნიკამ სამძებრო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ.
შესაძლებელი იყო თუ არა მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ევაკუაცია? ჰიდროლოგის განმარტება>>
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო, მობილიზებულია 178 ერთეული მძიმე ტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.