თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ექსპერტები დღეს წარმოადგენენ ოფიციალურ დასკვნას მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღოდნენ შოვში მომხდარ ტრაგედიას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 19 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებენ.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა 6 ჯგუფი მუშაობს ადგილზე - გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები და რა თქმა უნდა, ნაწილი ჯგუფისა ადგილზე ვიმყოფებით და ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან ხეობიდან მოდის. ვამუშავებთ, მაქსიმალურ ანალიზს ვუკეთებთ ყველა ინფორმაციას იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხეობაში განვითარდა, იმისათვის, რომ საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როცა ასეთი მაღალია ემოციური ფონი, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მისი თქმით, დასკვნა კონკრეტულ მონაცემებს დაეყრდნობა და მომხდარის სრულ სურათს წარმოაჩენს.
„ეს იქნება დასკვნა, რომელიც კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ემყარება, მაგრამ ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უცაბედ, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მდგომარეობა შოვში
© Ministry of Internal Affairs of Georgia
სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ, აღნიშნა მან.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.