თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, შოვში, სტიქიის ზონაში დრონები თვითნებურად არ გამოყენონ.
შოვში, სტიქიის ზონაში ავიაციამ მუშაობა დღეს დილიდან განაახლა, ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სოციალოურ ქსელში მოქალაქეები, რომლებსაც დრონები აქვთ და გააჩნიათ მათი მართვის გამოცდილება, გამოთქვამენ სურვილს, გაემგზავრონ სტიქიის ზონაში.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო ინფორმაციით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.