თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო სახალხო დღესასწაული „შუამთობა“, რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მაღალმთიანეთში ტრადიციული სახალხო ზეიმი „შუამთომა" აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება, 5 აგვისტოს ღონისძიების ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი იყო დაგეგმილი.
„განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ. დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მეწყერი კურორტ შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია შვიდი ადამიანი. მაშველები ამ დროისათვის კიდევ 34 ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.