შოვში, სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა - ჯანდაცვის მინისტრი

სტიქიის შედეგად დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. შოვში გაიხსნა სამედიცინო პუნქტები, სადაც მეწყრის შედეგად დაზარალებულები გადაჰყავთ და დაკარგულთა ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.

„უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში მობილიზებული არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმები, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე დაკარგულთა ოჯახის წევრებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ექიმები ზრუნავენ დაზარალებულების და დაკარგულთა ახლობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, არცერთი დაზარალებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა მცირე დაზიანებები, მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება არ არის.
ადგილზე მუშაობს 400 მაშველი, მათ შორის კინოლოგები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
რამდენიმე საათში მთავრობის გადაწყვეტილებით სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.