რა მოხდა შოვში: სპეციალისტის მოსაზრება

სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სტიქია, რომელიც შოვში მოხდა, იყო გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კომპლექსური პროცესი და ასეთი მასშტაბის კომპლექსური, სწრაფად განვითარებადი პროცესების წინასწარ პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსმა გიორგი გაფრინდაშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.

ამ ეტაპზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში არის 4 უბანი, სადაც ინსტალირებულია მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემები. ვიღებთ ინფორმაციას მეწყერის სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ. ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, სამწუხაროდ, კომპლექსური ხასიათის, სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება დიდ სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის და, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია.
„შოვში ასეთი მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფელ გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე მეწყერის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდინარე ბუბისწყალზე“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ღარიბაშვილი: ყოველგვარი საუბარი, რომ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია >>
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.