თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სამხედროები უკვე იმყოფებიან ონის მუნიციპალიტეტში, სადაც შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.
სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. გარდა ამისა, სტიქიის ზონაში გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ.
„ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში, ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა შოვთან მისასვლელი ხიდები და გზები. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. ადგილზე 400 მაშველი მუშაობს.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორია დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასით არის დაფარული.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.