თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა, დამატებით 15 სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, იუწყება „პირველი არხი“.
მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა, ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. ადამიანების ევაკუაციისთვის მაშველები და პოლიცია სტიქიური უბედურების ადგილზე შსს-ს სასაზღვრო ვერტმფრენებით გადაფრინდნენ.
ადგილზე ასევე გრძელდება სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.
სამაშველო სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
ამჟამად150-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მეწყრის დროს შოვში იმყოფებოდნენ, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. დილიდან მათ ვერტმფრენებით გაიყვანენ.
კავშირი არ იყო 50-მდე ადამიანთან, თუმცა მათგან ექვსთან დაკავშირება მოგვიანებით მოხერხდა, განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
შოვში მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა და კურორტი გარე სამყაროს მოწყვიტა.