ინფლაციის დონე საქართველოში კვლავ მცირდება - სტატისტიკა

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 0,5%-ზე ქვევით ბოლოს 2016 წელს იყო – 0,2%.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის ივლისი 2022 წლის ივლისთან შედარებით) 0,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
წლიური ინფლაციის დონე საქართველოში 0,5%-ზე ქვევით ბოლოს 2016 წელს იყო, მაშინ ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
წელიწადზე გადაანგარიშებით ივლისში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (9,7%) და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (6,3%), ხოლო შემცირდა ტრანსპორტზე (–12,1%), ჯანდაცვაზე (–6,9%) და კავშირგაბმულობაზე (–3%). სურსათზე ფასები წლიური 1,2%-ით გაიზარდა.
რატომ არის საქართველოში ფასების მინიმალური ზრდა – ეკონომიკის სამინისტროს პასუხი>>
2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, დეფლაციის დონემ 0,04% შეადგინა. ივნისში თვის დეფლაცია 0,7%-ს შეადგენდა.
რატომ მცირდება ინფლაციის დონე საქართველოში
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ინფლაციის დონის შემცირება ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას უკავშირდება.

„ვხედავთ, ფასები რეგულირდება, მნიშვნელოვნად მცირდება ინფლაციის მაჩვენებელი და ყოველივე ეს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ეკონომიკური განვითარება ხორციელდება სწორად", – განაცხადა დუნდუამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინფლაციის დაბალი დონე და მაღალი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება მოსახლეობაზე.
„ველოდებით ინფლაციის ტემპის შემცირებას და დაბალ დონეს წლის განმავლობაში", – განაცხადა დუნდუამ.
ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს>>
ამავე დროს, ეროვნული ბანკი, დადებითი პროგნოზების ფონზე, ინფლაციური ტენდენციების მაღალ გაურკვევლობაზე საუბრობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალი დარჩება ძლიერი მოთხოვნის ფონზე, ეს ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას შექმნის. ამასთან, რეგულატორმა ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზი 2022 წელთან შედარებით 5%-დან 6%-მდე გაზარდა.
რეგულატორის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უახლოეს თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელზე – 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში დაუახლოვდება მიზნობრივს.