დარწმუნებული ვარ, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის თავგადასავლით დაინტერესებულმა მკითხველმა კარგად იცის, ყოველი თვის მესამე დღეს, თუ ის უქმე არ არის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გასული თვის ინფლაციური პროცესის ამსახველ მონაცემებს აქვეყნებს. ეს ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა და გამონაკლისი არც მიმდინარე წლის 3 აგვისტო იყო.
დათქმულ დროს „საქსტატმა“ ივლისის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა და სახელისუფლებო გუნდში, ეროვნულ ბანკში, ანალიტიკურ წრეებსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში არსებული მოლოდინიც გამართლდა. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან დაწყებული ინფლაციური წნეხის შემცირების ტენდენცია კვლავ გრძელდება.
თავად განსაჯეთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4 პროცენტით დაიკლო, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა კი 0,3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ის 3,2 პროცენტია.
გასული თვის ინფლაციის სტრუქტურის ვრცელ მიმოხილვამდე მინდა შეგახსენოთ, ინფლაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში გახდა. 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მსოფლიო მზარდი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, მარტის თვის ბოლოს. ბუნებრივია, გლობალური პრობლემა საქართველოზეც აისახა და 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული გასული წლის ნოემბრის ჩათვლით ქვეყანა ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. დეკემბერში ინფლაციური წნეხი შემცირდა და ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდა, თუმცა გასული წლის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 13,9–9,8 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.
მიმდინარე წლის დასაწყისში დადებითი დინამიკა გაგრძელდა. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 9,4 პროცენტი იყო, თებერვალში − 8,1, ხოლო მარტში − 5,3 პროცენტი. აპრილში ინფლაციის დონე თითქმის განახევრდა და 2,7 პროცენტს გაუტოლდა. მომდევნო თვეებში კი ჯერ 1,5 პროცენტამდე, შემდეგ 0,6 პროცენტამდე და ახლა უკვე 0,3 პროცენტამდე შემცირდა. ერთი სიტყვით, თუ გასული წლის იანვარ-ივლისში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 12,82 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ის 3,9 პროცენტია.
კითხვაზე: რატომ იკლებს ინფლაცია? პასუხი უცვლელია. საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებამ, სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფებამ ინფლაციის შემცირების ტენდენცია გლობალურად დააჩქარა. ეროვნული ბანკის მიერ 2021-2022 წლებში რეფინანსირების განაკვეთის 2,5 პროცენტით გაზრდამ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში 11 პროცენტის ნიშნულზე შენარჩუნებამ და სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტებისთვის საკრედიტო რეგულაციების გამკაცრებამ საქართველოში ინფლაციის შესუსტებას დამატებითი სტიმული მისცა.
ახლა კი დროა, გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, როგორი იყო ივლისის თვეში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი.
მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდის ანალოგიურად, რეიტინგის სათავეშია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ უკვე ზედიზედ მეშვიდე თვეა ჩამონათვალის პირველ ოთხეულშია. ივლისში გაძვირების მაჩვენებელი 11,1 პროცენტი იყო. ფასები ძირითადად გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება − 27,9 პროცენტით; პირადი ჰიგიენა − 9,0 პროცენტით. ამავე ჯგუფის ივნისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 17,7 პროცენტი იყო.
ზედიზედ მეოთხე თვეა რეიტინგის მეორე პოზიცია სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ჯგუფმა დაიკავა. წლიურად ივლისში ფასები 9,7 პროცენტით გაიზარდა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ეს ჯგუფი მუდმივად პირველ პირველ სამეულშია, რაც, ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამ სახელმწიფოებიდან საქართველოში მიგრაციული პროცესების გააქტიურებამ და, ზოგადად, ტურისტული ნაკადის მატებამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ეს ჯგუფი რეიტინგს სათავეში ედგა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფის ივნისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10,2 პროცენტი იყო.
ივნისის თვის რეიტინგის მესამე და მეოთხე ადგილოსნებმა პოზიციები გაცვალეს. განათლების ჯგუფი, რომელიც ივნისში მეოთხე იყო, ფასების გაძვირების 6,9 პროცენტით ამჯერად მესამეა. ამ ჯგუფის ივნისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6,8 პროცენტი იყო.
წინა თვის „ბრინჯაოს პრიზიორმა“, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფმა ფასების მომატების 6,3 პროცენტით რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. ივნისის თვეში ეს მაჩვენებელი 7,4 პროცენტი იყო.
ივნისის თვის რეიტინგთან შედარებით, პირველ ხუთეულში კიდევ ერთი ცვლილებაა. მეხუთე პოზიცია ფასების ზრდის 4,9 პროცენტით მაისისა და ივნისის რეიტინგების მეექვსე ადგილოსანმა, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფმა დაიკავა. ფასი გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება − 12,3 პროცენტი და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე − 10,3 პროცენტი. ამ ჯგუფის ივნისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4,5 პროცენტი იყო.
რეიტინგის მეექვსე-მეშვიდე პოზიციები ფასების ზრდის თანაბარი მაჩვენებლებით, 1,2 პროცენტით ივნისის თვის მეხუთე და მერვე ადგილოსნებმა – ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფმა და სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა დაიკავეს. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფში ივნისის თვის წლიური ინფლაციის დონე 5,5 პროცენტი, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 0,0 პროცენტი იყო.
საკამათო არ არის, ლოგიკურია, რომ ინფლაციის შემცირების პარალელურად თვიდან თვემდე რეიტინგში იკლებს იმ ჯგუფების რაოდენობა, სადაც ფასები იზრდება. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფი გაძვირების 0,7 პროცენტით რეიტინგში, სადაც თორმეტი პოზიციაა, მერვე ადგილს იკავებს და ბოლოა იმ ჯგუფებს შორის, რომლებშიც წლიურ ჭრილში ფასებმა მოიმატა. ამ ჯგუფის ივნისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0,4 პროცენტი იყო.
რეიტინგის მომდევნო, მეცხრე-მეთორმეტე ადგილები იმ ჯგუფებს შორის განაწილდა, სადაც ფასებმა წლიურ ჭრილში კი არ მოიმატა, არამედ დაიკლო.
ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტებისა თუ მომსახურების რეიტინგს სათავეში ტრანსპორტის ჯგუფი უდგას. ივლისში წლიურ ჭრილში ფასები 12,1 პროცენტით გაიაფდა. ფასებმა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 18,1 პროცენტით დაიკლო, სატრანსპორტო მომსახურებაზე კი 3,8 პროცენტით მოიმატა. წლიურად ფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივნისის თვეშიც ამ ჯგუფში იყო და 11,6 პროცენტს შეადგენდა.
ივნისის რეიტინგის მსგავსად, ათეულს ამჯერადაც ჯანდაცვის ჯგუფი ხურავს, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 6,9 პროცენტით შემცირდა. სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფში ფასებმა 17,2 პროცენტით დაიკლო. ფასები 12,5 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, საავადმყოფოების მომსახურება კი 6,4 პროცენტით გაძვირდა. ამ ჯგუფში ფასების შემცირების ივნისის თვის წლიური დონე ასევე 6,9 პროცენტი იყო.
რეიტინგში მეთერთმეტე პოზიციაზე არის კავშირგაბმულობის ჯგუფი, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 3,0 პროცენტით შემცირდა. ამ ჯგუფის ივნისის მაჩვენებელი იგივე იყო − 3,0 პროცენტი.
და, ბოლოს, რეიტინგის მეთორმეტე პოზიცია, ისევე, როგორც ივნისში, ახლაც ფასების შემცირების 0,3 პროცენტით დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფს უკავია. ივნისში ამ ჯგუფში ფასების შემცირების წლიური მაჩვენებელი 0,1 პროცენტი იყო.
სტატიის მიწურულს მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ინფლაციის კლების შედეგად ეროვნულმა ბანკმა შესაძლებელი გახადა 2021-2022 წლებში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შერბილება და მიმდინარე წლის 10 მაისიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტიდან 10,25 პროცენტამდე შეამცირა.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი