თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რაჭის მაღალმთიან კურორტ შოვში, სადაც ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებს, რომლებიც იმ ადგილზე აღმოჩნდნენ, სადაც მეწყერი ჩამოწვა.
წინასწარი მონაცემებით, მეწყრის ჩამოწოლის მომენტში სასტუმროში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ. თვითონ სასტუმროს ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა და ახლა მათ ვერტმფრენით გამოიყვანენ.
ამასთან, საერთო მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა 15 ადამიანი მოიყოლა, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. თუმცა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას.