მეწყერი რაჭაში: როდის აღადგენენ გზებს

ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ჭანჭახმა გზის 136-ე კილომეტრზე დროებითი ხიდი და ადგილობრივი გზის 139-ე კილომეტრზე მდებარე ხიდი წაიღო.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, მაღალმთიან კურორტ შოვთან ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე და 139-ე კილომეტრებზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასაწყებად სპეცტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტი გზის უმოკლეს ვადაში აღდგენის პირობას იძლევა.
მაშველებმა ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიიდან ვერტმფრენებით უკვე გამოიყვანეს 70 მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვია.
ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისათვის არ ვრცელდება.
მეწყერი რაჭაში – სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 70 ადამიანი>>
ამავე დროს, ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო, ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვსა და სოფელ გლოლას. ონის რაიონის სხვა სოფლებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.
ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოები მაშინვე დაიწყება, როგორც კი კომპანიის თანამშრომლები ზონაში შესვლას შეძლებენ, რაც ამჟამად გართულებულია.