თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ, ნათქვამია საქართველოს შსს–ს განცხადებაში.
მეწყერი რაჭის კურორტ შოვში, მთავარ სასტუმროსთან ახლოს ხუთშაბათს დღისით ჩამოწვა. ადამიანების ნაწილი უშუალოდ კატასტროფის ზონაში აღმოჩნდა, თუმცა ისინი არ დაშავებულან. სასტუმროსთან ახლოს ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
„სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი სამუშაოებში მთელი ღამის განმავლობაში იქნებოდა ჩართული, თუმცა, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ცუდი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა.
სამაშველო სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
ამ დროისთვის მაშველების მიერ სტიქიის ზონიდან 70–მდე ადამიანია გამოყვანილი.
მაშველების შტაბთან ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც სტიქიის ზონაში მყოფ ნათესავებს ვერ უკავშირდებიან.
მეწყრულმა პროცესებმა მდინარეების დაგუბება გამოიწვია. შედეგად დაზიანდა ხიდები, კურორტი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.