თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგები დატოვეს, შეიძლება შექმნან მოღალატეების, „ნასედკებისა" და მექრთამეების პარტია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ მანამდე განაცხადა, რომ ექს-პრემიერმა, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ შეიძლება ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შემოიკრიბოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბესელიას აზრით, უნდა გაჩნდეს „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა.
„დამეთანხმებით, რომ მოღალატეების, „ნასედკებისა" და მექრთამეების „არაჩვეულებრივი" პარტია შეიკვრება. ჩამოთვლილთაგან თითოეულს ამ სამი ეპითეტიდან მინიმუმ ერთი მაინც მიესადაგება", – დაწერა ქადაგიძემ სოციალურ ქსელში.
მისი აზრით, გახარიასა და ბესელიას გარდა, მსგავს გაერთიანებაში შეიძლება შევიდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე „ქართული ოცნება" დატოვეს, მაგალითად, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ზვიად ძიძიგური.
„მოღალატეების, „ნასედკებისა" და მექრთამეების ეს პარტია საპარლამენტო არჩევნებში ერთ პროცენტსაც ვერ აიღებს. ამიტომ, პრინციპში, მის შექმნაში ცუდს ვერაფერს ვხედავ", – დაწერა ქადაგიძემ.
თუ მოღალატეების ამ „თანავარსკვლავედს" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც დავუმატებთ, არაჩვეულებრივი წრე შეიკვრება, აღნიშნა ქადაგიძემ.
ურთიერთობები პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის წყალობითაც გახდა ზურაბიშვილი პრეზიდენტი, ძალზე დაძაბულია.
„თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად დათმობს ის პრეზიდენტის პოსტს ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე", – აღნიშნა ქადაგიძემ.
გიორგი გახარიამ, რომელმაც „ოცნების" რიგები დატოვა, პარტია „საქართველოსთვის" 2021 წლის მაისში შექმნა. პირველივე არჩევნებზე პარტიამ მესამე შედეგი აჩვენა და ადგილები ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მიიღო.
ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და „ოცნება" სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხზე სკანდალის ფონზე დატოვა. მისი ურთიერთობები თანაპარტიელ კოლეგებთან საბოლოოდ 2018 წლის დეკემბერში გაფუჭდა, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია წარადგინა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.