თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ის აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, ვფიქრობ, არარელევანტური იყო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალაში დღეიდან, 1 აგვისტოდან შევიდა.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გასულ თვეში გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 3 ივლისს დაამტკიცა.
„ამ ცვლილებებით შევეცადეთ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გაგვესწორებინა, რომ უფრო ცხადად და მკაფიოდ ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტების ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიანი მომსახურება", – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი კლინიკების დაფინანსების ნაწილში და სახელმწიფო მზადაა, პაციენტების ხარისხიანი მკურნალობისთვის ადეკვატური ტარიფები გადაიხადოს.
„მხოლოდ ამის მოწესრიგებისკენ არის მიმართული თითოეული ცვლილება და ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს ჯანდაცვის პოლიცია იქმნება, სრულიად შეუსაბამოა. ამაში თავადაც დარწმუნდებით", – განაცხადა აზარაშვილმა.
ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. კერძოდ, საჩივრის დაფიქსირებისთანავე რეგულირების სააგენტო დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევა სამედიცინო დაწესებულებაში და პარალელურად შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოსაც.
რეგულირების სააგენტოს ასევე ექნება უფლებამოსილება, პაციენტის/მოქალაქის საჩივრის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს შემოწმება ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში. ამ შემთხვევაშიც ინსპექტირების დაწყების პარალელურად რეგულირების სააგენტო შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს.
გარდა ამისა, კანონში სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმიც გაჩნდა, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს.
ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა აღსასრულებლად მიემართება დაუყოვნებლივ. ხოლო პროგრამული თანხების განკარგვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში სადავო თანხა დაკავდება სასამართლოში დავის პერიოდში.
მკაცრდება საჯარიმო სანქციებიც. კერძოდ, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა 10 ათასი ლარის ნაცვლად 20 ათასი ლარი გახდა, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ექიმის საქმიანობაზე კი ჯარიმა 2 ათასი ლარი იქნება. ამასთან, 4 ათასი ლარით დაჯარიმდება მაკონტროლებელი ორგანოს ბეჭდის განზრახ დაზიანება.
ოპოზიცია აღნიშნულ კანონს რეპრესიულად მიიჩნევს, რადგან, მათი მტკიცებით, მარეგულირებელ კომისიას კლინიკებისა და ფარმაცევტული საწარმოების დახურვისა და დაჯარიმების უფლება ერთპიროვნულად ექნება. აღნიშნული კანონპროექტი მედიკოსებმაც გააკრიტიკეს, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ახალი რეგულაციების შემოღებით სამინისტრო სამედიცინო ბიზნესის მარწუხებში მოქცევას ცდილობს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული უწყებაა. ესაა მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც მოქალაქის საჩივრის საფუძველზე შეისწავლის სამედიცინო დახმარების ხარისხს, გასცემს ნებართვასა და ლიცენზიას კლინიკებისთვის, აფთიაქებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის.