„ახალი ერის დასაწყისი" - ჩინეთის პრემიერი საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებაზე

საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადადიან.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში ღირებული წვლილი შეიტანა, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 26 ივლისს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა უკვე გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან. შეხვედრაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.

„თქვენ ბრძანდებით ძალიან ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე საქართველოში და ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობარი. ვიცი ასევე, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ", – განაცხადა ლი ციანმა.

მისი თქმით, გასულ წელს ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნეს. რამდენიმე დღის წინ კი ქალაქ ჩენგტუში ღარიბაშვილსა და სი ძინპინს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
„საუბარი იყო ჩვენი ორმხრივი კავშირების ახალ ერაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. მოგვიანებით ჩვენი ორი ქვეყანა უმასპინძლებს სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაზრდის ჩვენს ორ მთავრობასა და ბიზნეს-წრეებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას", – აღნიშნა ლი ციანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ეწვია>>>
ჩინეთის პრემიერის განმარტებით, ასევე გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით.
„ეს გახდება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა ჩინეთ–საქართველოს ურთიერთობებში. ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს", – განაცხადა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.