უაზრო აჟიოტაჟი - ლორთქიფანიძე რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებამ, რომ განიხილება რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნის შესაძლებლობა, საქართველოს ოპოზიციურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
Sputnik
მსგავსი სასწავლებლის საქართველოში დაფუძნების იდეა ლორთქიფანიძემ პირველად 15 ივლისს გამოთქვა ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ინფორმაცია ადამიანებმა ერთმანეთს ზეპირად გადასცეს და საბოლოოდ საზოგადოებას „შელამაზებული" და სახეცვლილი შესთავაზეს.
მასმედიის სხვადასხვა საშუალებამ დაწერა, თითქოს რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნა თითქმის გადაწყვეტილია. აღშფოთება გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები და თბილისში ასეთი უმაღლესი სასწავლების შესახებ საუბრები უადგილოა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალური განცხადების გავრცელებაც მოუწია, სადაც ამ ყველაფერს „დეზინფორმაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მსგავსი სასწავლებლის გახსნისთვის არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს.
რა ჰქონდა მხედველობაში კონკრეტულად პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელს, როდესაც რუსულ-ქართულ უნივერსიტეტზე საუბრობდა და როგორია ამგვარი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსების პერსპექტივები, ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
- საიდან გაჩნდა რუსულ-ქართული ერთობლივი უნივერსიტეტის შექმნის იდეა?
- მე ძალიან კარგად მესმის, რომ რუსულ-ქართული ერთობლივი საწარმოს თუ საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებაზე საუბარი იწვევს გარკვეულ, ასე ვთქვათ, პრობლემებს ქვეყანაში, ვინაიდან რეალურად დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების არარსებობის გამო, რა თქმა უნდა, შეკითხვები ლეგიტიმურია.
მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არსებობს ჰუმანიტარული ურთიერთობები, ხალხთა შორის ურთიერთობები, რაც აღდგენილი ფრენების შედეგად ძალიან კარგად გამოვლინდა, და ჩვენი დიასპორები ზოგადად ძალიან აქტიურად იყენებენ აღნიშნულს.
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? სამინისტროს განმარტება>>
დგება ჯერი იმასთან დაკავშირებით, რომ დაისვას საკითხი, შეიძლება თუ არა, რომ საქართველომ და რუსეთმა ნახონ საერთო ენა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ შეხებაშია, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან. იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესების დღის წესრიგი შეიქმნას, საჭიროა საჯარო დიპლომატია. იმისათვის, რომ საჯარო დიპლომატია ამოქმედდეს, რაც ამ შემთხვევაში განულებულია, საჭიროა, რომ სახალხო დიპლომატიამ მიანიჭოს მას იმპულსი.
სახალხო დიპლომატიის ჭრილში საუნივერსიტეტო დიპლომატია არის ფლაგმანი, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები, რომლის შესახებ მე უკვე გითხარით, რომ სავაჭრო ურთიერთობები იზრდება და ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება, ეს ყველაფერი გადმოვიდეს პოლიტიკურ ჭრილში.
საუნივერსიტეტო დიპლომატიის განვითარების კუთხით ერთობლივი, უფასო საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო ბაზის შექმნა, გნებავთ, რუსეთის ფედერაციაში, გნებავთ, საქართველოში, იქნებოდა ძალიან სწორი და ადეკვატური ნაბიჯი.
- ინფორმაციამ საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნის შესახებ ქართული საზოგადოების ნაწილში დაძაბულობის შემცველი რეაქცია გამოიწვია. რას უპასუხებდით მათ?
- ამას მოჰყვა ძალიან დიდი ისტერიკა ოპოზიციურ წრეებში და დასავლეთის მხრიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათ ატეხეს ერთიანი განგაში ამასთან დაკავშირებით, და მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ, მათი თქმით, 7-8 მარტის აქციების დროს ერთ-ერთი მთავარი აქტორი საზოგადოებიდან არის ახალგაზრდობა, ჩვენი მთავარი დასაყრდენი არის ახალგაზრდობა, და ახალგაზრდობის წართმევა უნდა ამ იდეის ავტორს.
სინამდვილეში, ნახეთ, რა ხდება. ილია ჭავავაძის სახელობის უნივერსიტეტი გადაქცეულია, ფაქტობრივად, სოროსის ფილიალად. გადაქცეულია შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად.
ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არსებობენ არააკრედიტირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები. ახლა ზუსტად მოვიპოვე ინფორმაცია ძალიან საინტერესო ჟურნალისტურ გამოძებაზე, და ბათუმის თურქული სკოლა გახლავთ ასეთი არააკრედიტებული სასწავლებელი, სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ თურქულ ენაზე.
არის ისეთი სასწავლებლები, რომლებშიც სწავლა არის იმდენად ძვირი, რომ საქართველოს მოსახლეობის 99%-ს ამაზე ხელი არ მიუწვდება. ეს არის, მაგალითად, ქართულ-ამერიკული აკადემია, რომელშიც ერთი წლის სწავლის საფასური 19 ათასი ლარია. ასევე არის ბაქსვუდის სკოლა, ფრანგული კოლეჯი, იტალიური კოლეჯი და სხვა ბევრი ისეთი სასწავლებელი, რომლებშიც უბრალოდ ხელმიუწვდომელია სწავლა რიგითი მოქალაქის ოჯახის წევრი ახალგაზრდისთვის.
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? მინისტრის პასუხი>>
აქედან გამომდინარე, თუ ქართულ-რუსული საუნივერსიტეტო ბაზა შეიქმნება, ყველაზე ნოვატორული მსოფლიო სტანდარტების მიხედვით, მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, მაგალითად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის შესაძლებლობას, ეს ქართველი ახალგაზრდებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ხარისხიანი და, რაც მთავარია, უფასო განათლების მიღებისა.
ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზა რუსეთში არის ძალიან მაღალ დონეზე, ის მსოფლიო ხუთეულში შედის თავისი შესაძლებლობებით. არის ჰუმანიტარული სფეროს ძალიან სერიოზული მიმართულებები, იგივე დიპლომატიური კუთხით და ა.შ.
- კიდევ რა მიმართულებებზე შეიძლება ამ კუთხით ყურადღების გამახვილება?
- ჩვენი ბოლო შეხვედრა, მაგალითად, პეტერბურგში, რომელიც გაიმართა დაბა ლოსევოში, სადაც ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ბაზაზე წარმოდგენილი იყვნენ ჩვენი პროფესორები, მათ შორის ბატონი გოჩა ცოფურაშვილი, რომელიც ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორია, მან გამართა ინდივიდუალური შეხვედრები პეტერბურგის მთავრობასთან, სადაც ძალიან საინტერესო თემას შეეხნენ, ეს იყო სწორედ ბიოაგრომრეწველობის სტანდარტების გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისათვის.
შეიძლება ბევრმა არ იცის, და უნდა ითქვას, რომ რუსეთში მწვანე, ბიოაგრარული მეურნეობის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. და ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს გამოცდილება ეყრდნობა, მათ შორის, რუსულ საუნივერსიტეტო ბაზას ამ მიმართულებით. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ აგრარული ეკონომიკის, ბიოაგრომრეწველობის, სოფლის მეურნეობის კუთხით საქართველოში რაღაც გამოცდილებები იქნეს გადმოტანილი, როგორ შეიძლება ამაზე უარის თქმა, თუ ეს იქნება ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი?
მე ამ შემთხვევაში კიდევ ხაზგასმით გეუბნებით უფასო განათლების მიღების პერსპექტივებზე. ზუსტად ისეთ პერსპექტივებზე, რომელიც არის გერმანიაში, სადაც სახელმწიფო ასუბსიდირებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. და როდესაც ხელმიუწვდომელი საგანმანათლებლო კერები არსებობს ქართულ-ამერიკული, ქართულ-ბრიტანული აკადემიების სახით საქართველოში, სადაც მხოლოდ ელიტების შვილებს, წარმატებული მდიდარი ადამიანების შვილებს შეუძლიათ განათლების მიღება, ბუნებრივია, კითხვა ისმის, მთელი ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რატომ არ დაინტერესდნენ ერთხელ მაინც, რომ საქართველოში გახსნილიყო საყოველთაო ხელმისაწვდომობის რაღაც საგანმანათლებლო კერა? ასეთი რამ არ არსებობს, და არც ყოფილა.
და როდესაც ახლა ჩვენ საკითხი დავაყენეთ, რომ ასეთი პრეცედენტი შეიქმნას ქართულ-რუსული უნივერსიტეტის ბაზაზე, ჰიპოთეტურ ბაზაზე, აქ ლაპარაკი არის კონცეფციაზე, ლაპარაკი არის იდეაზე, აქ არაფერი პრაქტიკული, ხელშესახები ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს. ჩვენ არც ხელისუფლებასთან გაგვიმართავს კონტაქტი და, საერთოდ, არ შეიძლება ამ პროცესში ასეთი სპეკულაციების წარმოება, რასაც ოპოზიცია აკეთებს, ცდილობს, რომ ხელისუფლება ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში.
გულწრფელად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე: ქართულ-რუსული დიალოგი 2023>>
აქ საუბარია ზოგად იდეაზე და კონცეფციაზე მთავარი აზრით და ორი მიმართულებით. პირველი – განათლების ხელმისაწვდომობა და, მეორე – დიპლომატიისთვის ხელშემწყობი საუნივერსიტეტო დიპლომატიის განვითარება. აი, ეს ორი რაღაც არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი.
- თქვენ განაცხადეთ, რომ უკვე ტერიტორიას არჩევთ მომავალი უნივერსიტეტისთვის. იპოვეთ?
- ადგილის შერჩევა არის ჩემი პირადი აქტივობა, როგორც ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორისა, რომ ამ კონცეფციის განვითარების პარალელურად მომენახა ადგილი რეგიონში. აქ არ არის მარტო თბილისზე საუბარი.
ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მიტოვებული საბჭოეთის დროს ფლაგმანი სასწავლებლები. მაგალითად, დიდი ჯიხაიშის აგრარული ტექნიკუმი.
ეს არის უზარმაზარი შენობა უზარმაზარი ინფრასტრუქტურით, რომლის მაპროფილებელი მიმართულება იყო მეაბრეშუმეობა. ეს შენობა მთლიანად მიტოვებული იყო. ამჟამად არ ვიცი, რა სიტუაციაა ადგილზე. ამიტომ ასეთი ადგილების მოძიება მინდა. ვეძებ ადგილებს პერსპექტივაში. იმისათვის, რომ კონცეფციამ შეიძინოს დასრულებული, არგუმენტირებული, დასაბუთებული ფორმა, ამისთვის საჭიროა, რომ ყველაფერი გააზრებული იყოს, საზოგადოებას რომ სამსჯავროზე წარუდგინო, ამას დრო სჭირდება.
- თქვენ ახსენეთ თქვენი ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში. კიდევ რა საკითხები განიხილეთ ვიზიტის დროს?
- განიხილება პირდაპირი ავიამიმოსვლა პეტერბურგსა და თბილისს შორის. როდესაც ლოსევოში ვიყავით კონფერენციაზე, იქ ესწრებოდა პეტერბურგის მთავრობის წარმომადგენელი. აღმოჩნდა, რომ პეტერბურგს აქვს თავისი დამოუკიდებელი მმართველობა. და ამ მმართველობის ფარგლებში მიიღეს ჩვენი წარმომადგენლის მიღების გადაწყვეტილება. და ჩვენი პროფესორი გოჩა ცოფურაშვილი ამ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც გამოითქვა სურვილი, რომ პეტერბურგიდან თბილისში პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს.
ჩვენი კომუნიკაციების მეშვეობით შევძელით Georgian Airways-ისა და პეტერბურგის მთავრობის დაკავშირება. ახლა საქმე მათზეა, როგორ გადაწყვეტენ, დროის საკითხია.
საუბარი ასევე შეეხო ავიაბილეთების ფასებს, რაც ძალიან ძვირია. აღინიშნა, რომ ამ მიზნებისთვის სახელმწიფო სუბსიდირება მოხდება. ვეყრდნობით იმ სახელმწიფოების გამოცდილებას, რომლებიც ძალიან აქტიურად ასუბსიდირებენ ფრენებს, მაგალითად, უნგრული Wizair და თურქული Pegasus, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ.