ჯანდაცვის სამინისტრო - თურქული მედიკამენტები საქართველოში არ გაძვირდება

ქართული კომპანიები თურქეთიდან მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენასა და შემოტანას შეძლებენ, განაცხადეს უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თურქეთში მედიკამენტებზე ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს საქართველოში შემოტანილი თურქული მედიკამენტების ღირებულებაზე, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
მედიკამენტებზე ფასების დაწევის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 2 მარტიდან თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ამ ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი თურქული ლირის მიმართ 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიებს მოეთხოვებათ GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტების დაცვა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ხარისხს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
GMP/GDP-ს დანერგვით საქართველო აღიარებს ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის კონტროლის ევროკავშირის სტანდარტებს.
GMP-ს პრაქტიკა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გახდეს „ფარმაცევტული ინსპექციების თანამშრომლობის სისტემის" (PIC\S) წევრი, რომელშიც წარმოდგენილი არიან მედიკამენტების უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მქონე ქვეყნები.