ონკოდაავადებული ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეარჩია უცხოური კლინიკები, რომლებიც ქართველი ბავშვების მკურნალობას შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროში ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე პაციენტების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოდაავადებული ბავშვების როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია.
უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
როდის დაიწყება სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა>>>
ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა კონტრაქტები თურქეთის (Anadolu Medical Center), ისრაელის (Sourasky Medical Center (Ichilov)) და ესპანეთის (QUIRON SALUD) წამყვან კლინიკებთან. თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ისრაელში – არა.
საქართველოს მთავრობა აფინანსებს დიაგნოსტიკას და მკურნალობის სტანდარტულ კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ქირურგიას, ასევე პროტონოთერაპიას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
პროგრამის პირობები
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის:
მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
ონკოდაავადებულთა განცხადებებს ქართველი და უცხოელი ექიმებისგან დაკომპლექტებული სპეციალური საბჭო განიხილავს, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე. პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, ამიტომაც მთავრობამ მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვის გადაწყვეტილება მიიღო. ადრე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის მხოლოდ ნაწილს იხდიდა. ამ მიზნებისთვის მთავრობამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ლარი გამოყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახალი პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარია (11,7 მილიონი დოლარი) გამოყოფილი. მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს.