თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 367 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს კანონიერ საკუთრებაში გადასცემს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია ფაქტობრივად დაკავებულ 409 უძრავ ქონებაზე, მათ შორის საცხოვრებელ ბინებზე და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. დევნილთათვის ქონება დაკანონდება „სახელმწიფო უძრავი ქონების საკუთრების უფლების უსასყიდლო გადაცემის სახით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
დევნილებისთვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.