თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სომეხ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქარსელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა. სომხეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე ვაჰე ღალუმიანი ხელმძღვანელობს.
მინისტრმა სტუმრებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების განვითარების პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეებმა საქართველოში წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, რეგიონების ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე, მთიანი დასახლებების მხარდაჭერისათვის გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობა.
სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვეს და ამ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად „სადახლოს" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ერთობლივად აშენებული ახალი საავტომობილო ხიდი დაასახელეს.
„ბაგრატაშენი–სადახლოს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია 2021 წლის მაისში დაიწყო, ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე დებედზე კი – ივლისში.
ხიდი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ორ ქვეყანას მისი აშენება 9,1 მლნ ევრო დაუჯდა. აქედან 7,2 მლნ ევრაზიის განვითარების ბანკის კრედიტია, ხოლო 1,8 მლნ ევრო – ორი ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები.
„მეგობრობის ხიდი“ ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული 160-მეტრიანი თანამედროვე სტანდარტების ხიდია და ის უნიკალური პროექტია რეგიონში. მისი ექსპლუატაციაში შესვლა საზღვარზე გამტარუნარიანობას ორჯერ გაზრდის.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.