სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან - თალაკვაძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე

2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე ან საქართველოში სხვა კლინიკაში მკურნალობაზე უარი უთხრა.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების ერთობლივი განცხადება ვერ შეცვლის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, რომელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულის უფლებები დაცულია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში – უილიამ კორტნიმ, იან კელიმ, რიჩარდ მაილსმა, ჯონ ტეფტმა და კენეტ იალოვიცმა 10 ივლისს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილს ციხეში პოტენციურად „გარდაუვალი სიკვდილი“ ელოდება. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მას სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა დაცული იყოს პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მას სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. ეს ფაქტია და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერცერთი ელჩის განცხადება ვერ შეცვლის“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველი ლიდერები და ოფიციალური პირები, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან სააკაშვილის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე“, შეიძლება მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცნენ.
„უსუსური მცდელობა“ – კობახიძე აშშ–ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე სააკაშვილთან დაკავშირებით >>
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილისადმი ცუდმა დამოკიდებულებამ საქართველო შეიძლება დასავლეთს დააშოროს. და თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, „სანქციები უფრო მკაცრი, ან უფრო სავარაუდო იქნება“.

„ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არა სანქციები, არამედ ორი ამოცანის შესრულება – სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების დანიშნულება და მიიღოს მკურნალობა, ასევე აღადგინოს სრულფასოვანი კვება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე ან საქართველოში სხვა კლინიკაში მკურნალობაზე უარი უთხრა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
პაპუაშვილი: სააკაშვილის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობას“ ეკისრება>>
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.