მყვინთავებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს: დაკავებულია რამდენიმე პირი

ლუკა აბულაძის ცხედარი რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ იპოვეს.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ბათუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 4 ივლისს ბათუმში სამმა პირმა ოთხი მოზარდი კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთმა დაკავებულმა მკვეთრი მანევრით ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი განზრახ გადაყარა წყალში, ისე, რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან ერთად სვლა განაგრძო.
წყალში ჩავარდნის შემდეგ სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლუკა აბულაძის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ერთ მათგანს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ორს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
მყვინთავები ზღვაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ>>
მოზარდის ცხედარი ამ დროისათვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.