თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ბათუმში უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფართომასშტაბიანი ფორუმი Batumi Real Estate 2023 გაიმართება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ბათუმში უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთ მთავარ მოვლენას 12 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები და ექსპერტები.
ფორუმზე ექსპერტები აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრებენ. ღონისძიების ფარგლებში B2B შეხვედრები გაიმართება.
FIABCI-Georgia-ს (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული განყოფილება) და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი აჭარის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდება.
მაიამიში (აშშ) 5-9 ივნისს გამართულ FIABCI-ს 73-ე მსოფლიო კონგრესს საქართველოს დელეგაცია აჭარის მთავრობის, FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის და წევრების შემადგენლობით ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში 8 ივნისს „მსოფლიო ოსკარებად" წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა.
წელს FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები პირველად იყო წარდგენილი. აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოს სახელით პირველად გაიმარჯვა და უძრავი ქონების სექტროში უმაღლესი ჯილდო - FIABCI World Prix d’Excellence მოიპოვა.
1951 წელს პარიზში დაარსებული FIABCI – უძრავი ქონების სფეროში მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.