თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელმძღვანელობასთან, მათ შორის კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორთან, ალკის ვრენიოს დრაკინოსთან.
ალკის ვრენიოს დრაკინოსი საქმიანობას 1 სექტემბრიდან დაიწყებს და ამ პოსტზე კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეცვლის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ პრემიერს ის პირადად წარუდგინა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროექტები მიმოიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზეა და ამ პროცესში EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია.
აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თითოეული პროექტი შესრულების გარკვეული პირობებით ქვეყნისთვის გრანტების ან კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია