თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, დაატოვებინოს უკრაინა საქართველოს ელჩს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების გამო, საქართველოს ხელისუფლებისთვის შეურაცხმყოფელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".
კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარით სიღრმეში არ უნდა წასვლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საუბარია იმ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც ამჟამად ომის რეჟიმშია.
„ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი", – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების" ოპონენტებმა თავად აღიარეს, რომ უკრაინელი მაღალი თანამდებობის კონკრეტული ჩინოვნიკები მონაწილეობდნენ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლაში 2021 წლის შემოდგომაზე.
„დღეს, როცა იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს", – აღნიშნა კობახიძემ.
ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, ორშაბათს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სააკაშვილმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.
სააკაშვილის მოქალაქეობა
2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ ისევ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა "ვივამედშია".