სპეკულაციებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ უპასუხა - თალაკვაძე

2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობაზე ან საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ქართულმა სასამართლომაც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და უპასუხეს ყველა სპეკულაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტარისას, რომელმაც საქართველოს ელჩი კიევიდან გამოუშვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს მათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რათა მას უმკურნალონ.

„ეს არის მართლმსაჯულების საკითხი, რომელიც არა კონსულტაციებით, არამედ სამართლით წყდება. როგორც საქართველოს, ისე სტრასბურგის სასამართლომ ამ საკითხზე უკვე მიიღეს გადაწყვეტილებები და პასუხი გასცეს ყველა სპეკულაციას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობდა", – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობაზე ან საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა.
საქართველოს ხელისუფლება სანქციების და სააკაშვილის საკითხზე კრიტიკოსებისგან ბოდიშს ელოდება>>
ვიცე-სპიკერის თქმით, სააკაშვილის გარემოცვამ მილიონები დახარჯა არა იმაზე, რომ მისთვის ექიმები მიეყვანა, რაზეც დიდხანს საუბრობდნენ, არამედ იმაზე, რომ რეკლამა გაეწიათ საზღვარგარეთ სპეკულაციებისთვის მის ჯანმრთელობაზე, რათა საქართველოს იმიჯი და რეპუტაცია შეელახათ.

„ეს არანაირად არ ემსახურებოდა პაციენტის ჯანმრთელობას. დღეს თუ ვინმეს აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესება, მთავარი ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების რეკომენდაცია, აღადგინოს სრულფასოვანი კვება", – განაცხადა თალაკვაძემ.

სახელმწიფო მზადაა ექს-პრეზიდენტს სათანადო სერვისები მიაწოდოს და მისი უფლებები დაიცვას, აღნიშნა მან.
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - კობახიძე>>
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
უკრაინის განცხადება
ზელენსკის გადაწყვეტილებას ორშაბათს წინ უძღოდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სააკაშვილის გამოჩენა, რომელმაც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.
ზელენსკის ბრძანებით სამშაბათს საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაიბარეს უკრაინის საგარეო უწყებაში და "გამოხატეს მტკიცე პროტესტი პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის არსებით გაუარესებასთან დაკავშირებით".
ამასთან დაკავშირებით დიპლომატი გამოუშვეს თბილისში, რათა მან არსებული ვითარების გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს და გზები მოიძიოს.
საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებულმა უკრაინელმა დიპლომატმა შენობა უკომენტაროდ დატოვა>>
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეურაცხყოფა უწოდეს.
ამას გარდა, ასევე ორშაბათს საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითი რწმუნებული ალექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს კიევის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
უკრაინის მხრიდან სანქციებზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც Georgian Airways-მა, ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა დაიწყო.
სააკაშვილის მოქალაქეობა
2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ ისევ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
„შოუ, მასკარადი და ცირკი“ - პრემიერი ღარიბაშვილი სააკაშვილის საქციელზე>>
2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".