თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. სანამ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი პრეზიდენტობის დროინდელი სხვა გავლენიანი პოლიტიკოსები არ გაემიჯნებიან საქართველოს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მას არანაირი პერსპექტივა არ ექნება, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ. ამაზე საუბრობს ნიკა მელიაც, რომელმაც 2023 წლის იანვარში შიდაპარტიული არჩევნების შედეგად დაკარგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი.
„სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელ სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“ მანამდე, რა თქმა უნდა, ამ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
კობახიძის თქმით, წინა არჩევნებზე ყოფილი მმართველი პარტიის რეიტინგი 30% იყო, ახლა კი 20%-ზე ნაკლებია.
„აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს და მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით ამას უკავშირდება", - განაცხადა კობახიძემ.
ცოტა ხნის წინ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ოპოზიციას კონკრეტული თემების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა. მეტიც, უკრაინის პოლიტიკაში ჩართვის პარალელურად, ქართულ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებაც მიიღო.
სააკაშვილი მრავალი წელია უკრაინის მოქალაქეა. უკრაინის პასპორტის მიღების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.
ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობაში“ იციან, როგორ დაეხმარონ მცირე პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 5-7%-ის მოპოვებაში და ყველას თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, რათა მოგვიანებით კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება დაინახავს „იმ გაერთიანებას, იმ დიდ ერთობას“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეიკვრება.
ვინ არიან კეზერაშვილი და მერაბიშვილი
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი" დგას.
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.