რა იმედებს ამყარებს „ქართული ოცნება“ აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობას
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც რევოლუციური გეგმების განხორციელებაზე მუშაობენ.
ასე გამოეხმაურა კობახიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი კელი დეგნანი აფინანსებს და აღვივებს პოლარიზაციას საქართველოში. განცხადების თანახმად, დეგნანი აფინანსებს ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს ქვეყანაში.
„შემდეგი ელჩის პირობებში იმედი მაქვს, რომ მთლიანად აღიკვეთება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ამასთან კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობაზე. შესაბამისი კანონპროექტი იყო ინიცირებული პარლამენტში მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ. კელი დეგნანმა მას მაშინვე „რუსული კანონი“ უწოდა.
„ჩვენი მიზანი იყო გამჭვირვალობა. რეალურად, გაუმჭვირვალედ ხდება კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყანაში შუღლის გაღვივებით. სამწუხაროდ, გარედან ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა კობახიძემ.
უკეთესი იქნებოდა, რომ დაფინანსება გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს შესაბამისი დონორების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი გაარკვევს იმას, რომ კონკრეტული წყაროებიდან ხდება საქართველოში აგრესიის, რევოლუციური სცენარების და ა.შ დაფინანსება... ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი დაფინანსების შემთხვევებს“, - განაცხადა კობახიძემ.
კელი დეგნანის, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩის უფლებამოსილების ვადა წელს იწურება. მას რობინ დანიგანი შეცვლის. დეგნანი ამერიკულ დიპლომატიურ მისიას 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება სკანდალურ კანონპროექტს, თავდაპირველად ინიცირებული იყო პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. როგორც მისმა ავტორებმა განმარტეს, ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლის წყაროები, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენის მოხდენა.
პაპუაშვილი: ქართულ პოლიტიკაში ფული ყალბი არასამთავრობოების მეშვეობით შემოდის >>
კრიტიკოსებმა ამ კანონპროექტში საქართველოში დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაგმეს ხელისუფლების ოპონენტებმა და დასავლეთმა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატივის სახით უფრო მკაცრი კანონპროექტის – უცხოური აგენტების შესახებ ამერიკული კანონის ანალოგის ინიცირება მოახდინა. ამის შემდეგ უკმაყოფილების ტალღა აგორდა – 2023 წლის 7–8 მარტს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ უარი ეთქვათ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც მანამდე გამოვიდნენ ევროკავშირში, ევროპის საბჭოში, გაეროში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი.
შსს-მ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ კანონის ფარგლებში ემოქმედათ, მაგრამ, როდესაც პროტესტი აგრესიულ ფორმებს იღებდა, ერთვებოდა სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები ამტვრევდნენ პარლამენტის შენობის ფანჯრების მინებს, წვავდნენ ავტომობილებს, ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. შედეგად, ხელისუფლებამ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე უარი თქვა.

„ხალხის ძალის“ ბრალდებები

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ განცხადებას, ის გაკეთა ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც კონსერვატიული მიმართულების აქტივისტებმა ჩაშალეს სემინარი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი“.
პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ბორჯომში „ლიბერალური აკადემიის“ უკვე მეხუთე ბანაკი შეკრიბა, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ის ჩაშალეს. სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან მომიტინგეები ქვებს სასტუმროს ეზოში, სადაც უნდა გამართულიყო ღონისძიება, და შეურაცხყოფას აყენებენ ორგანიზატორებს. საპროტესტო აქცია ბორჯომში სასტუმროსთან გამართა კონსერვატიულმა მოძრაობამ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
„ხალხის ძალამ“ დეგნანი ლიბერალ–ფაშისტური ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა >>
მოგვიანებით კონსერვატიულმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს არანაირი ტრენინგი არ არის ბავშვებისთვის, არამედ ახალგაზრდების მომზადებაა რევოლუციური მიზნებისთვის, რაც დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის საბაბით საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
იქვე ნათქვამია, რომ მოძრაობა არასდროს მისცემს ნებას „დესტრუქციულ ძალებს“, ეკლესიის მტრებსა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მსურველებს, რომ ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყონ.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ სემინარები საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. უფრო ადრე გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალების მიხედვით, რომელიც ე.წ. თავისუფალი უიკენდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ეს არის ტრენინგი, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის, იარაღთან მოპყრობა ასწავლონ. ამისთვის სემინარებზე მენტორები ჩადიან.
„გირჩის" ლიდერი ახალგაზრდებს სისხლიანი რევოლუციისთვის ამზადებს? მმართველი პარტიის რეაქცია>>
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. 2022 წლის სექტემბერში ფარულად ჩაწერილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები საუბრობენ, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდები უნდა გადაიქცეს საპროტესტო მოძრაობად და პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს.