თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველო მიესალმება ინვესტიციებს დეველოპერული კომპანია Emaar Properties-ის მხრიდან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის დამფუძნებელთან და მმართველ დირექტორთან მოჰამედ ალი რაშედ ალ-აბართან შეხვედრაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
კომპანიის წარმომადგენლები კონკრეტული პროექტების შესასწავლად საქართველოში არაერთხელ იმყოფებოდნენ.
შეხვედრა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.