Deustche Welle-ს მილიონობით მაყურებელი აჭარის სილამაზეს ეცნობა

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 4 ივნისს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. წელს რეგიონი 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. გერმანულენოვანი ტელეკომპანია Deustche Welle მაყურებელს აჭარის რეგიონზე მომზადებულ საიმიჯო ვიდეორგოლს სთავაზობს, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, Euronews-ის შემდეგ Deutsche Welle-ს ეთერით მსოფლიოს 195 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობა.
სარეკლამო კამპანიის მიზანია ბათუმის, როგორც უსაფრთხო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების წარმოჩენა.
Deustche Welle მსოფლიო მასშტაბით 30 ენაზე მაუწყებლობს. ტელეკომპანიის ეთერში ბათუმის პოზიციონირება პირველად 2018 წელს მოხდა.
აჭარა წელს ოთხ მილიონზე მეტ ტურისტს ელოდება>>>
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებში ყოველწლიურად ახორციელებს.
მიმდინარე წელს აჭარას უკვე სტუმრობდნენ სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 4 ივნისს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. წელს რეგიონი 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველოსიპედის ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.
აჭარაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2022 წელს აჭარას 3.909.094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ეწვია. საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა სულ საქართველოში 3,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.