თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში გადაჭარბებულად აფასებს თავის – როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, ევროკავშირი კი პრინციპებით ხელმძღვანელობს, მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი თენგიზ ფხალაძე.
საქართველო წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ამისათვის მან უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს ერთის – დეპოლარიზაციის გარდა, თუმცა ასევე მიიჩნევენ, რომ ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ხანდახან გადაჭარბებულად ვაფასებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მოცემულობას. გასაგებია, რომ „შუა დერეფანი“ ახლა ძალიან მაღალმოთხოვნადია, მაგრამ არც იმდენად მაღალმოთხოვნადი, რომ ევროკავშირმა საკუთარ პრინციპებზე თვალი დახუჭოს, ამიტომ ძალიანაც ნუ შევაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები“, – თქვა თენგიზ ფხალაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოუწევს იმის ჩვენება, რომ ის ევროკავშირის ნაწილია.
„არ შეიძლება გინდოდეს კლუბში გაწევრიანება და თან იმ კლუბს ბრალს სდებდე დესტაბილიზაციაში, შეთქმულების თეორიებს ავითარებდე და ა.შ. დრო ჯერ კიდევ არის; ყველაფერი გათვალისწინებულია – ქართველი ხალხის სურვილი, კონტრიბუცია, მაგრამ (ევროკავშირს) ხელჩასაჭიდი უნდა მივცეთ. თუ მოვინდომებთ, წლის ბოლომდე შეუძლებელი არაფერია“, – განაცხადა ფხალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.