თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ - ეს ცვლილებები ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
საუბარია რეკომენდაციაზე, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფას გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა კომისიის რეკომენდაციები და მოსამართლეთა შერჩევის წესები შეცვალა.
კერძოდ, მოგვარებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი.
ახლა, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან კანდიდატის მიმართ მიკერძოებულობასა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას დაადგენს, ის კანდიდატთა განმეორებით შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნა განხორციელდება იმავე წესით, რა წესიც არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლეთა კონფერენციის წარდგენის საფუძველზე, როგორც ეს ამჟამად ხდება.
ამასთან, კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, დაზუსტდა ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსამართლეთა პოლიტიკური მიუკერძოებლობის კრიტერიუმები, მათი დისციპლინური პასუხისმგებლობა და მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხები.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, ამიერიდან სასამართლო გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება ღია ფორმით საჯარო ინფორმაციის სახით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ღია სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.