თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველო გარანტირებულად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეიძლება ვერ მიიღოს“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მოვლენების განვითარების როგორც პესიმისტურ, ისე ოპტიმისტურ სცენარებზე შეიძლება საუბარი.
„მეტსაც ვიტყვი, და შეიძლება ცოტა გაუკვირდეთ ზოგიერთებს, მაგრამ მგონია, რომ ამის სითამამე უნდა გვეყოს და ვთქვათ: თუ ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, „გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან, ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია, მივიღოთ სტატუსი", – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის უმსხვილესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.