თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 15 ივნისს კვიპროსის გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. EURO-2023-ის მატჩები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისი, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
კვიპროსთან შეხვედრის ჩატარების ადგილს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
ბოლო მატჩი ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიის წინააღმდეგ მარტში გამართა და მეტოქეს 1:0 მოუგო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს ფეხბურთის 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის გაფართოებული, 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფინალურ განაცხადში 23 მოთამაშე შევა.
არაა გამორიცხული, რომ ახალგაზრდულ ჩემპიონატში ითამაშონ ძირითადი ნაკრების ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ზურიკო დავითაშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი მამარდაშვილმა. შესარჩევი ეტაპის მომენტისთვის ოთხივე 21 წლის იყო.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისს დაიწყებს. პირველ მატჩს სვანაძის გუნდი 21 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს მთავრობამ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად 115 მლნ ლარი გამოყო – აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
მთლიანად განახლდა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
შეიცვალა მინდვრის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის და კიდევ სამ საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში.
აშენდა ახალი სტადიონები წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.