ჰერჩინსკი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წლის ბოლომდე პროგრესი უნდა აჩვენოს

საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველომ, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, 12 პირობის შესასრულებლად დარჩენილი დრო დიდი პროგრესის მისაღწევად უნდა გამოიყენოს, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდიოდეს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
დიპლომატმა განაცხადა, რომ ახლა ევროკომისია დასკვნას ამზადებს.
„ეს ანგარიში, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული, ოქტომბერში გამოქვეყნდება. შემდეგ კი, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერი - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები - წლის ბოლოს შეხვდებიან და გადაწყვეტენ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰარცელმა.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს" - ევროკავშირის ელჩი >>
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.