ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალაზე გამარჯვება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარეშეა შესაძლებელი

პარტია „ლელო" პროევროპული პარტიების გაერთიანების შექმნას უჭერს მხარს.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამარცხების გასაღები არის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნაში, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.

„ჩვენი ამოცანა ნათელია: შევქმნათ მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრი და დავამსხვრიოთ ეს ბიპოლარულობა. გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ისეთი გაერთიანება, რომელშიც „ნაცმოძრაობა" არ მიიღებს მონაწილეობას. ასეთი კავშირის შექმნა არის „ქართული ოცნების" დამარცხების გასაღები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, მისი გუნდი პროევროპული პარტიების გაერთიანების შექმნას უჭერს მხარს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმუშაოს თავის ამომრჩეველზე, ეს მათი პრობლემაა. გაერთიანება, რომლის მხარდაჭერასაც ვაპირებთ, იქნება „ნაცმოძრაობის“ გარეშე და მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიული, კოალიციური მთავრობით შეიცვალოს", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ეს თვითმკვლელობაა“ - დეპუტატი მცირე პარტიებისადმი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის წინადადებაზე>>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.