თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მუშაობს თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხზე, რომელიც ქვეყანას საავიაციო ჰაბად გადააქცევს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის აშენების აუცილებლობა გაჩნდა მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე თბილისის აეროპორტში, რომელსაც არ აქვს ისეთი გაფართოების შესაძლებლობა, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება.
„ეს არის ჩვენი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს გვაქვს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და, რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს... ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოჯისტიკური და თანამედროვე, მგზავრებზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, დედაქალაქში ამჟამად არსებული აეროპორტი გამოწვევებს და მთავრობის ამბიციურ გეგმებს არ შეესაბამება.
„ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას ვერ იძლევა, მით უმეტეს, თუ გვინდა რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა ამის საშუალებას ვერ გვაძლევს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მთავრობას სურს შეიმუშავოს გრძელვადიანი პროექტი, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის უკვე შერჩეულია ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30 და 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ჩვენს მომავალს თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გათვალისწინებულია საუკეთესო დაგეგმვის სპეციალისტების, მშენებლების, არქიტექტორების ჩამოყვანა პროექტის შესასწავლად.
პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად თითქმის 25%-ით იზრდება. საქართველოს აეროპორტებიდან სრულდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და გვაქვს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მსოფლიოს 31 ქვეყანასთან.